ისტორიული ფაქტები

სიმართლის ქვა ,,ქვატახტი“

გადმოცემის მიხედვით, თავადებისაგან შევიწროებული გლეხები,  სიმართლის ძიების მიზნით მიმართავდნენ ადათობრივ ტრადიციას, რომელიც მათ უადვილებდათ თავიანთი უდანაშაულობის დამტკიცებას და საკუთარი უფლებების დაცვას.  სიმართლის ქვა ერთგვარად ატარებდა სააპელაციო სასამართლოს ფუნქციას. წინასწარ დათქმულ დღეს, სიმართლის ქვასთან იკრიბებოდნენ მომჩივარი ყმა-გლეხები, რომლებიც სიმართლის ქვაზე შედგომით და ფიცის დადებით ცდილობდნენ დაემტკიცებინათ თავიანთი უდანაშაულობა. ეს რიტუალი სავარაუდოდ წარმართული პერიოდიდან შემორჩა ხალხის მეხსიერებაში. ქვაზე შემდგარი პიროვნება უარყოფდა რა დანაშაულს, მას კავშირი ქონდა დაკარგული მფარველ ნერჩთან -  „ფუძის ანგელოზთან“, რომელიც იყო მისი მფარველი და მარტო რჩებოდა თავის სიმართლესთან. თუ დამფიცებელი  ქვას სიმართლის ქვაზე დადებდა, ზედ შედგებოდა და დაიფიცებდა, ორგზის გაძლიერებული ფიცით იყო დადასტურებული მისი უდანაშაულობა.      
სრულად ნახვა...

ორანჟერეა

ბოტანიკურ ბაღში არსებული ორანჟერეას აშენების სავარაუდო თარიღია მე-19 საუკუნის 40-იანი წლები. ორანჟერეას მეორე სართულზე  განთავსებული იყო სასტუმრო ოთახები, პირველ სართულზე ბებაღის საცხოვრებელი ოთახები, თონე, საყვავილე ქოთნების გამოსაწვავი ღუმელი. ისტორიული წყაროები მიუთითებენ, რომ ბოტანიკური ბაღი და აქ არსებული ორანჟერეა განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩეოდა, მისი ბადალი მთელს კავკასიაში არ მოიძებნებოდა. ორანჟერეა დაიწვა 1856 წ. ბოტანიკურ ბაღთან ერთად ომარ ფაშას შემოსევის დროს და მის შემდგომ არ აღდგენილა.
სრულად ნახვა...

ჯვარედინა სასახლე

ცნობილი საზოგადო მოღვაწის და სამეგრელოს მეისტორიის იონა მეუნარგიას ცნობით, სასახლე აგებული ყოფილა მე-19 საუკუნის 40-იანი წლებში სტუმრების მისაღებად. სასახლე აღწერილი აქვს ასევე ცნობილ ფრანგ საზოგადო მოღვაწესა და მეცნიერს მარი ბროსეს, რომელიც 1848 წელს მოწვეული ყოფილა დადიანებთან აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნაზე. მასვე გაუკეთებია სასახლის ჩანახატი. სასახლე ორსართულიანი ყოფილა, ქვედა სართული რიყის ქვისგან იყო ნაგები,მეორე სართული ხისგან ყოფილა ნაშენი და ჯვრის ფორმა ქონია. სასახლე დაიწვა 1856 წ. ბოტანიკურ ბაღთან ერთად ომარ ფაშას შემოსევის დროს და შემდგომ ის არ აღუდგენიათ.
სრულად ნახვა...

ცენტრალური სამთავრობო სასახლე

სასახლე აშენდა 1824 - 26 წ.წ., სამეგრელოს მთავრის ლევან გრიგოლის ძე დადიანის მიერ.  მას ,,მწუთრის“ სასახლეს უწოდებდნენ. სასახლე 1835 წელს დამწვარა. 1838-1840 წლებში დავით დადიანის მიერ ამავე ადგილას აგებულ იქნა ახალი სასახლე, რომელიც ორსართულიანი ყოფილა და შედგებოდა 28 ოთახისაგან. 1847 წელს, არქიტექტორ სკუდერის პროექტის საფუძველზე, სასახლე განუახლებიათ ( სიგრძე - 76, სიგანე -  35 ).  1856 წელს ომარ ფაშას მიერ ზუგდიდის აღების შემდეგ, სასახლე ისკანდერ ფაშას ბრძანებით გადაუწვავთ. 1859 წელს სასახლე განუახლებია ცნობილ საზოგადო მოღვაწეს დიმიტრი ყიფიანს. მისივე ცნობით, 1864 წლის 1 მარტს სასახლე მთლიანად განადგურებულა ცეცხლისაგან. ამის შემდეგ სასახლე არ განუახლებიათ, ხოლო გადარჩენილი სამშენებლო მასალისაგან დღეს არსებული ნიკო დადიანის სასახლე აუგიათ.
სრულად ნახვა...