სასახლე აშენდა 1824 - 26 წ.წ., სამეგრელოს მთავრის ლევან გრიგოლის ძე დადიანის მიერ. მას ,,მწუთრის“ სასახლეს უწოდებდნენ. სასახლე 1835 წელს დამწვარა. 1838-1840 წლებში დავით დადიანის მიერ ამავე ადგილას აგებულ იქნა ახალი სასახლე, რომელიც ორსართულიანი ყოფილა და შედგებოდა 28 ოთახისაგან. 1847 წელს, არქიტექტორ სკუდერის პროექტის საფუძველზე, სასახლე განუახლებიათ ( სიგრძე - 76, სიგანე - 35 ). 1856 წელს ომარ ფაშას მიერ ზუგდიდის აღების შემდეგ, სასახლე ისკანდერ ფაშას ბრძანებით გადაუწვავთ. 1859 წელს სასახლე განუახლებია ცნობილ საზოგადო მოღვაწეს დიმიტრი ყიფიანს. მისივე ცნობით, 1864 წლის 1 მარტს სასახლე მთლიანად განადგურებულა ცეცხლისაგან. ამის შემდეგ სასახლე არ განუახლებიათ, ხოლო გადარჩენილი სამშენებლო მასალისაგან დღეს არსებული ნიკო დადიანის სასახლე აუგიათ.